COVID-19-ის პანდემიამ დღეს არსებული მსოფლიო რეალობა შეცვალა და კაცობრიობა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. გადაიდო უამრავი ფესტივალი, კონფერენცია, თუ საერთაშორისო სპორტული ტურნირი, მათ შორის ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატიც.
სოკარი აცნობიერებს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას და დროებით აუქმებს ყველა გათამაშებას, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი ერთგული მომხმარებლები იღებდნენ.
წამახალისებელი გათამაშების ფარგლებში უნდა გათამაშებულიყო 11 (თერთმეტი) ცალი ორკაციანი საგზური იტალიაში, ქალაქ რომში, რომელშიც ასევე შედიოდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნის მატჩზე დასწრების ბილეთები.
როგორც თქვენთვის ცნობილია ევრო კავშირის მასშტაბით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა; იტალია კი - გამოცხადებულია COVID-19-ის გავრცელების მაღალი რისკის ზონის ქვეყანად, შეჩერებულია მგზავრთა მიმოსვლა და ქვეყანა სრულად პარალიზებულია.
ევროპის ჩემპიონატი, რომელიც უნდა ჩატარებულიყო 2020 წელს 12 სხვადასხვა ქვეყანაში, გადაიდო 1 წლის ვადით. შესაბამისად, კომპანიის მიერ ზემოაღნიშნული პრიზის გათამაშება არის შეუძლებელი და აზრს მოკლებული.
ნუ აყვებით პანიკას, შეასრულეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და დაიცავით თვითიზოლაციის წესები.
გვჯერა, რომ კრიზისი მალე გადაივლის, ჩვენც თქვენთან ერთად დავტკბებით უმაღლესი დონის სპორტული ასპარეზობებით და მსოფლიოს გარშემოც ვიმოგზაურებთ.