banner img
banner img
banner img
banner img
banner img
banner img

ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲰᲐᲙᲐᲗᲝᲜᲘ - ENERGO HACK 2025

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკმა უმასპინძლა ჰაკათონის Energo Hack 2025 დემო დღეს, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ ენერგეტიკის სექტორში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების ავტორები.


პირველი ადგილის მფლობელი გახდა გუნდი EcoMetrics, რომელმაც მიიღო GITA-ს 10,000 ლარის ოდენობის გრანტი. გუნდის მიერ შექმნილი თამაშის სტილის აპლიკაცია მომხმარებლებს რჩევებით, გამოწვევებითა და თამაშებით ასწავლის ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის ეფექტურ გამოყენებას, რაც მოხმარებას საშუალოდ 10-20%-მდე ამცირებს.


ჰაკათონის პარტნიორმა სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა გამოავლინა საკუთარი რჩეული გუნდი და თითოულ წევრს საწვავის ვაუჩერი გადასცა. სოკარის რჩეული გახდა გუნდი Energo Horse, რომლის ინოვაციური გადაწყვეტაა IoT მრიცხველი, რომელიც ნებისმიერ სტანდარტულ, არაციფრულ მრიცხველს სრულფასოვან ციფრულ მოწყობილობად აქცევს. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ტრადიციული ციფრული მრიცხველების დანერგვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. Energo Horse-ის მოდული კი საშუალებას იძლევა არსებული მრიცხველები „ჭკვიან“ მრიცხველებად გარდაიქმნას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს.


ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი გადასაჭრელად ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.


60-მდე მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 38 საათის განმავლობაში, კასპის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებზე. დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 23 პროექტი წარადგინეს კომპეტენტური კომისიის წინაშე.


პროექტის მიზანი ასევე იყო კომპანიებსა და ინოვატორებს შორის ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების სტიმულირება, კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნა, რეგიონებში ინოვაციური აზროვნებისა და უნარების განვითარება და ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.


Energo Hack 2025-ში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის დარგის მწარმოებელმა კომპანიებმა, მეწარმეებმა, სტარტაპებმა, სტუდენტებმა და ინოვატორებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროტოტიპირებით, ინჟინერიით (განსაკუთრებით ენერგო/ელექტრო), პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით.