ᲔᲥᲡᲞᲝ 2024 - ᲛᲔᲬᲐᲠᲛᲔ ᲥᲐᲚᲗᲐ ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲤᲔᲜᲐ-ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲐ
23 ნოემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრმა ექსპო ჯორჯიამ ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უკვე მესამედ უმასპინძლა.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 145-მა მეწარმე ქალმა საქართველოდან. მათ შორის ლტოლვილმა ქალებმა უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. მეწარმე ქალებმა ღონისძიების სტუმრებს საკუთარი პროდუქცია წარუდგენეს, რომლის შეძენაც ადგილზევე შეეძლოთ.
პავილიონში მწვანე და მდგრადი ბიზნესებისთვის გამოყოფილი იყო ცალკე კუთხე, სადაც გაერთიანებული იყო ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. ადგილზე სტუმრების სოციალური საწარმოების მიერ დამზადებული პროდუქციის შეძენაც შეეძლოთ.
გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყო გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. გაიმართა მასტერკლასები, რომლებმაც ვიზიტორებს საშუალება მისცა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით, საახალწლო ნივთები თავადვე დაემზადებინათ.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის წინა დღეს ჩატარდა სპეციალური მასტერკლასებიც, სადაც მეწარმე ქალები გაეცნენ ბიზნესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, მდგრადი ბიზნესის სპეციფიკას, ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობებსა და ელექტრონული კომერციის უპირატესობებს.
გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა, რაც ხელს უწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, მათთვის სასარგებლო ცოდნის გაზიარებას, საინტერესო ბიზნესკავშირებისა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას.






